ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია-რესტავრაციის სამუშაოებს გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული გამაგრება, არქიტექტურული იერსახის აღდგენა, შიდა სივრცეების განახლება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო სისტემების მოწყობა. პროექტი მოიცავს მრავალფუნქციური სივრცეების შექმნას, სადაც გაიმართება როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურული ღონისძიებები. განახლებული ბიბლიოთეკა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.
პროექტის მიზანია ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მისი თანამედროვე ფუნქციებით აღჭურვა, რაც ქუთაისის ისტორიულ ბიბლიოთეკას ახალ სიცოცხლეს შესძენს.
