ამ სეზონზე გრიპით ორი ადამიანი გარდაიცვალა-ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
,,გრიპით მატების დროს სულ გვქონდა ამ სეზონზე გარდაცვალების ორი ფაქტი დასავლეთ საქართველოში. ხოლო „კოვიდით“ გარდაცვალება საერთოდ არ გვქონია. ეს ცალსახად მიუთითებს, რომ საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება რესპირაციული ინფექციების მხრივ; მეორე, თუ არის მატება და სიჭარბე, ის ძალიან კარგად იმართება
საქართველოში რესპირატორული ინფექციების დღევანდელი დონე შეესაბამება იმას, რაც იყო წლების მანძილზე, თუ არ ჩავთვლით „კოვიდის“ სამ წელს.
მოსახლეობა ხშირად ზედმეტად განიცდის ახლანდელ მატებას, რადგან მიეჩვია, „კოვიდის“ პანდემია როდესაც იყო, რესპირატორული ვირუსები ძალიან ცოტა იყო. კოვიდზე შეზღუდვები როდესაც მოიხსნა, ამ ინფექციებმა მოიმატა და დაუბრუნდა თავის პირვანდელ დონეს, მეტი არაფერი. არაფერი საგანგაშო სიტუაცია არ არის, გადაჭარბებულია ზედმეტი აჟიტირება და ემოციები, თითქოს ადგილები არ არის კლინიკებში, რამდენიც გინდათ, იმდენი ადგილია. შესაძლოა, ერთი-ორი პედიატრიული კლინიკა ერთი-ორი დღით გადაიტვირთა, მაგრამ ამაში საპანიკო არაფერია, ის გადაიტვირთა, სხვა კლინიკებია. ასე რომ, ჩვეულებრივი სიტუაციაა ამ სეზონისთვის დამახასიათებელი.
სწავლა ახლახან განახლდა და ჯერჯერობით ძნელია თქმა, მოიმატა, თუ არა შემთხვევებმა, ჩვენ ჯერ არ შეგვიმჩნევია. ზოგადად, რესპირატორულ ინფექციებს ორი პიკი აქვს, ნოემბერი-დეკემბერი და თებერვალი-მარტი. ასე რომ, თებერვალ-მარტში შეიძლება, მოიმატოს, მაგრამ სავალდებულო არ არის. შეიძლება, არც მოიმატოს, რომც მოიმატოს, არაფერი ამაში ექსტრაორდინალური და საგანგაშო არ იქნება, რამეთუ საქართველოში ძალიან კარგად იმართება რესპირაციული ინფექციები.-თენგიზ ცერცვაძე.