საქართველოში, ბოლო პერიოდში COVID-ის ახალი შემთხვევების მცირე მატება აღინიშნება, დღეში 500-მდე - პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ცერცვაძის თქმით, მსოფლიოში „ომიკრონი“ და მისი სუბვარიანტები კვლავ ყველაზე გავრცელებულ შტამად რჩება.
"ბოლო პერიოდში მსოფლიოში COVID-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა ძირითადად სტაბილურია, ხოლო COVID გარდაცვალების შემთხვევები მცირედით გაიზარდა. ა.წ. 27 იანვარს ჯანმო-მ კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა COVID-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს, რომ COVID პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. რაც შეეხება SARS-CoV-2-ის ვარიანტებს და სუბვარიანტებს, მსოფლიოში „ომიკრონი“ და მისი სუბვარიანტები კვლავ რჩება ყველაზე გავრცელებულ შტამად.
გამართლდა ვარაუდი, რომ აშშ-ში დომინანტური სუბვარიანტი გახდებოდა XBB1.5, რომელსაც მეტსახელად „კრაკენი“ (Kraken) შეარქვეს. მასზე მოდის შემთხვევათა 60%-ზე მეტი. ეს შტამი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში და მათი რაოდენობა იზრდება. ითვლება, რომ XBB1.5 სუბვარიანტი ყველაზე მეტი გადამდებლობით ხასიათდება, თუმცა ამ სუბვარიანტით გამოწვეული დაავადების სიმძიმე სხვა სუბვარიანტებით გამოწვეული დაავადების სიმძიმეს არ აღემატება. თუმცა ის კვლავ რჩება პოტენციურად სასიკვდილო ვირუსად.
საქართველოში ბოლო პერიოდში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მცირე (დღეში 500-მდე), COVID ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების (300-მდე) და დადებითობის მაჩვენებლის (6-7%-მდე) მატება. თუმცა COVID გარდაცვალების შემთხვევები კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე და ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში.
საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების უმეტესობაში გამოვლენილია XBB1.5 სუბვარიანტით გამოწვეული შემთხვევებიც, თუმცა დომინანტურ სუბვარიანტებად კვლავ რჩება ომიკრონის BA2, BA5 და სხვა „ძველი“ სუბვარიანტები. სადღეისოდ საქართველოში CH.1.1 სუბვარიანტის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა“,- წერს მედიკოსის.
ცერცვაძე რეკომენდაციებსაც გასცემს და აცხადებს, რომ COVID-ის შემთხვევების მატების ტენდენცია მეტ სიფხიზლეს და პრევენციული ზომების გაძლიერებას მოითხოვს. ის მოსახლეობას რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე COVID ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებს.