მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯამში ქვეყანაშია 2 მილიონი ვაქცინა - 1,5 მილიონი ჩინური ვაქცინა და ნახევარი მილიონი „ფაიზერი“.
„ამას გარდა, მილიონი „ფაიზერი“ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებელს დავუკვეთეთ და ამ მილიონი დოზის მოწოდება უკვე დაწყებულია. პროცესი მიმდინარეობს. ჯამში ჩვენ გვექნება 3 მილიონი ვაქცინა. 2 მილიონი ადგილზეა, 1 მილიონი შემოვა ერთ თვეში, მაქსიმუმ თვე-ნახევარში, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო თხოვნით და კიდევ ერთხელ ავუხსნა ვაქცინაციის მნიშვნელობა. ძალიან ბევრი კითხვა ისმის, თუ რატომ არის აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარება. მთავარი პასუხი და არგუმენტი, რომელიც მინდა გავუზიარო ჩვენს მოსახლეობას, არის ის, რომ აცრის შემდეგ, გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, პრაქტიკულად გამორიცხულია. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ჩავიტაროთ აცრა, დავიცვათ საკუთრი სიცოცხლე, საკუთარი ჯანმრთელობა და ამასთანავე, ჩვენი მშობლების, შვილების, ახლობლების ჯანმრთელობა. ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება ზოგადად ვაქცინების თაობაზე. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, დავეყრდნოთ და დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას და არა „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ ათას ტყუილს, ჭორ-მართალს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთანავე, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისი დავალებით ძალიან აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო იმისთვის, რომ ყველ სოფელს ვაქცინა ადგილზე მიეწოდოს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ვაქცინაციის შეუფერხებლად ჩატარების შესაძლებლობა.
„მინდა გითხრათ, რომ ჩემი დავალებით ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემი სურვილია, რომ ჯერ ყველა მუნიციპალიტეტში და შემდეგ მინდა, რომ ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები, რომ მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს საშუალება ჩაიტაროს აცრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 375 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 807 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 568 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 264 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 404 023-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.52 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.73 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.44 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 665 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 374 753-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 714 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა - 224, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 45, შიდა ქართლი - 33, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 65, კახეთი - 62, მცხეთა-მთიანეთი -35, სამცხე-ჯავახეთი - 19, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 530 საიდანაც: 5 247 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 870, აჭარაში - 497, იმერეთში - 661. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში - 459, აჭარაში - 70, იმერეთში -226. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 5, იმერეთში - 13. 1 737 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 - თბილისში, 523- აჭარაში. 16 546 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 62 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 8.
სულ 6 ოქტომბრიდან - 25 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 974 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 023 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 078 პირი, აჭარაში - 2 861, იმერეთში - 1 986.