შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1984 და 1966 წელს დაბადებული პირები დააკავეს.
ერთ მათგანს ბრალი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობაში ედება. მეორეს კი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკის ამოჭრის გზით შეაღწიეს კომპანია „მისო ინტელექსპრესის“ ფილიალის საცავის ოთახში, სადაც, ლითონის საცავის კარის გაჭრით, ფარულად დაეუფლნენ თანხას და ოქროს ნივთებს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ეჭვმიტანილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დააკავეს.მეორე კი ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე.
პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს ნივთებისა და მოპარული ფულის ნაწილი.
ასევე 2 შეკვრად დაფასოებული, 3,231 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, და დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები.
პირველ ბრალდებულს 3-დან 10 წლამდე , ხოლო მეორეს 3-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.