საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.
საზეიმო ღონისძიების ცენტრალური ნაწილი თავისუფლების მოედანზე წვევამდელების მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი იქნება.
რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალი 6 ლოკაციაზე გაიმართება:
თბილისში - თავისუფლების მოედანზე
კახეთში - ვეჯინის ამაღლების მონასტერთან
შიდა ქართლში - სამთავისის კათედრალთან
მცხეთა-მთიანეთში - დარიალის ხეობაში
იმერეთში - გეგუთის ციხე-დარბაზში
სამეგრელოში - ნოქალაქევის ციხე-გოჯის ტერიტორიაზე
დამოუკიდებლობის დღეს თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი სრული აღჭურვილობით.
ღონისძიებას გააფორმებს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი.
26 მაისს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მფრინავები სადემონსტრაციო გაფრენას შეასრულებენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს მოსახლეობისთვის, ტრადიციულად, აწყობს სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენებს საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში: თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, ამბროლაურში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, აბაშაში, მარტვილსა და ჩხოროწყუში.
წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური წარმოების ტექნიკა, აღჭურვილობა და საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობა.