მოძრაობა,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის,, ხვალ ჭიათურაში დაგეგმილ აქციას უერთდება. 1 მაისს მაღაროელთა ქალაქში საპროტესტო აქცია 13:0საათზე გაიმართება.
,,როგორც ცნობილია, დააკავეს ჭიათურისა და შუქრუთის პროტესტების ოთხი მონაწილე - მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი. ჩვენ დიდი ხანია, ჭიათურაში მიმდინარე პროცესებს საერთო გასაჭირად აღვიქვამთ და ადრეც გვითქვამს, რომ ხელისუფლება, რომელიც რეპრესიების გზით ამყარებს ავტორიტარიზმს, ყველაფერს გაანადგურებს, რაც მას ძალაუფლების განმტკიცებაში ხელს შეუშლის; რომ აქ გამონაკლისი არ არსებობს.
მოქმედი ხელისუფლება, პოლიტიკური კლასისა და მეინსტრიმული მედიის მონაწილეობით, სუვერენიტეტად და ღირებულებების დაცვად გვასაღებს ქართული მიწა-წყლისა და ბუნებრივი რესურსების კიდევ უფრო სასტიკი ძარცვის პოლიტიკას; მაღაროელებს კი, რომელთა შრომის შედეგითაც სულდგმულობენ, სიტყვის თქმის ღირსადაც არ თვლიან და დაკავების გარდა, ახლა უკვე გაძლიერებული არსენალით - უკიდურესად დამძიმებული კანონმდებლობითაც შეუტევენ, რადგან საწინააღმდეგო აზრის გამოხატვის ყველა ფორმა სამართლებრივად დასჯადი გახდა.
ხელისუფლება ცდილობს, უსამართლობის მორევში მყოფი ადამიანების სასოწარკვეთა მათსავე წინააღმდეგ მიმართოს, ერთმანეთს გადაკიდოს და ისარგებლოს ამით, დაგვარწმუნოს, რომ არაფერი შეგვიძლია და შედეგად, ისინი სამუდამოდ იბატონებენ ჩვენზე. საინფორმაციო სივრცე ისეა დაგმანული, საზოგადოების თანაგრძნობა კი - დრამატულად გაუქმებული, რომ არათუ დანარჩენ საზოგადოებაში, ხშირად თავად იმ ადგილებშიც კი არ იგრძნობა ხოლმე საკითხის სათანადო სიმძაფრით გაცნობიერება, სადაც ასეთი ცოდვა-ბრალი ტრიალებს.
ჩვენ გვწამს, რომ გამოსავალი საზოგადოების უპირობო თანაგრძნობაა ყველა დაჩაგრულის, სახლ-კარ წართმეულის, გაღატაკებულის, დამცირებულის, დამშეულის, უსამართლოდ და ცილისწამებით ბრალდებულის და დაპატიმრებულის მიმართ.
1 მაისს ჩვენ ჭიათურაში, მაღაროელებთან და შუქრუთელებთან ერთად ვიქნებით და სხვებსაც მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ ამ დიდ აქციას.,,-წერია მოძრაობა,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის,, მიერ გავრცელებულ განცხადებაში.