14 აპრილს, ქართული ენის დღეს ქუთაისში აქცია-მსვლელობა გაიმართება. შეკრება საღამოს 18:00 საათზე,დედა ენის ძეგლთან იგეგმება,რის შემდეგაც შეკრებილები ადგილობრივი თვითმმართველობის შენობამდე მსვლელობით მივლენ.
,,1978 წლის 14 აპრილს ქართველი ხალხი ქართული ენის დაკარგვის შიშმა გააერთიანა.
იმდენად მტკიცედ, რომ საბჭოთა კავშირისნაირმა ბოროტებამაც კი ვერ აიხდინა ქართული ენის განადგურების წადილი.
„მტრობა ენის არის მტრობა ქვეყნის“ (ილია).
პროტესტის ავანგარდში იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თავიანთ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად.
როგორც დღეს, რეჟიმი აქტიურად ცდილობდა რეგიონებში ჩაეკლა პროტესტის კერები. ამის მიუხედავად, იგი ძლიერდებოდა სხვადასხვა ქალაქში. მაშინაც ფასდაუდებელი იყო რეგიონებში მიმდინარე პროტესტი.
ქუთაისის სტუდენტობისა და პროფესორ-მასწავლებლების როლი საერთო გამარჯვებაში განსაკუთრებულია.
1978 წელს რეჟიმზე გამარჯვების წყალობით დღეს ჩვენ ვწერთ, ვსაუბრობთ, ვაზროვნებთ ქართულ ენაზე.
ქართულ ენაში ისეთ უძვირფასეს სიტყვებს, როგორებიცაა მშვიდობა, ღირსება, ქართველობა, ეროვნული, იმედი, სამშობლო რეალური მნიშვნელობა უნდა დავუბრუნოთ!
14 აპრილს, ქუთაისში, 18:00 სთ.-ზე დედაენის ძეგლთან ვიკრიბებით. მსვლელობა დასრულდება უწყვეტი პროტესტის ჩვეულ ადგილას (ქუთაისის მერიის წინ).
გელოდებით ყველას, ვისთვისაც ქართული ენა ძვირფასია. განსაკუთრებით სტუდენტებს, რომლებიც მაშინდელი სტუდენტების მემკვიდრეები ხართ.,,-წერია ინფორმაციაში.