საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებით,დღეს მათ ჭიათურელი მაღაროელებისათვის საკვები პროდუქტების ვაუჩერის დარიგება დაიწყეს. ინფორმაცია პროფკავშირებმა გაავრცელა.
,,დღეიდან დავიწყეთ პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების დარიგება. ეს მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან მოგეხსნებათ წარმოება გაჩერებულია და ამ პირობებში მაღაროელებისა და მათი ოჯახების გვერდით დგომა მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ვაუჩერების დარიგების პარალელურად კონკრეტული ადამიანებისგან და ჯგუფებისგან ვრცელდება არაერთი დეზინფორმაცია, რომლის მიზანია ჭიათურელების შეცდომაში შეყვანა . გვსურს განვმარტოთ, რომ ვაუჩერებს ვარიგებთ პროფკავშირების გაერთიანება და ეს ჩვენი კეთილი ნებაა, რომელიც არ უკავშირდება კოლექტიურ ხელშეკრულებას, იმ ხელშეკრულებას , რომლის დარღვევასაც სამწუხაროდ უხეშად ცდილობდა კომპანია და სწორედ ჩვენი აქტიური სამართლებრივი ქმედებების შედეგად არ მიეცათ მათ ამის შესაძლებლობა .
ჩვენ ბოლომდე გავყვებით ამ საქმეს და ვაიძულებთ კომპანიას შეასრულოს კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ჭიათურელი მაღაროელები მიიღებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა სოციალურ ბენეფიტს.,,-წერია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.