შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, იმერეთისა და შიდა ქართლის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია.
დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და თურქეთის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „სუბოქსინი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.