მონასტერი დღემდე არ არის სათანადოდ გადახურული და წვიმის წყალი უძველეს ფრესკებს ანადგურებს.
გელათის სამონასტრო კომპლექსის გადახურვის სამუშაოებისთვის წლების განმავლობაში იხარჯებოდა თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დასავლური ორგანიზაციების გრანტებიდან. მიუხედავად მილიონობით დახარჯული ლარისა, დღეს გელათის ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაშია, ნადგურდება უძველესი ფრესკები, ტაძარს არ აქვს ნორმალური სახურავი და ტაძრის ზოგიერთ მონაკვეთზე, საერთოდ ბრეზენტი ასრულებს სახურავის ფუნქციას, რომელიც შესაბამის დაცვას ვერ უზრუნველყოფს და ამის გამო ტაძარში წყალი ჩადის.
2015 წელს საქართველოს კულტურული დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 49,800 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა ააიპ ‘საქართველოს მემკვიდრეობასთან”, რომლის თანახმადაც ამ კომპანიას უნდა შეედგინა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვრო დოკუმენტი, გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ტაძრების გადახურვის სამუშაოებისთვის.
ამის შემდეგ 2017 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა 1,350,000-ლარიანი ტენდერი, რომლის მიზანიც იყო გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვა, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის მოწყობა. აღნიშნულ პროექტს აფინანსებდა აზიის განვითრების ბანკი.
გამოცხადებულ ტენდერში უკონკურენტოს გაიმარჯვა შპს ‘ხელოვნების საერთაშორის ცენტრმა’, რომელიც მის ქვეკონტრაქტორ კომპანია “იკორთა 2007”-თან ერთად შეუდგა სამუშაოების შესრულებას.
ე.წ მოჭიქული კრამიტით ტაძრის გადახურვის გეგმამ არ იმუშავა, რის გამოც ტაძარში წყალი ისევ ჩავიდა და გამოუსწორებლად დაზიანდა უძველესი ფრესკები, რომელთა აღდგენაც შეუძლებელია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 2020 წლის ნოემბერში 53,000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა განახორციელა შპს “ბაგინეთი +”-თან, რომელსაც დაევალა უხარისხოდ გადახურული მონაკვეთების დროებითი გადახურვა, რათა არ დაზიანებულიყო ტაძრის შიდა ინტერიერი და უმნიშვნელოვანესი ფრესკები. ამ კომპანიამ შეასსრულა აღნიშნული სამუშაოები, რისთვისაც მან გამოიყენა მათ შორის ბრეზენტის მასალა, რომელმაც, თავის მხრივ, ცალკე პრობლემები შეუქმნა ფრესკებს, ჰაერგაუმტარიანობისა და ნესტის წარმოქმნის გამო.
აღსანიშნავია ისიც, რომ გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად დაქირავებული შპს “ბაგინეთი+”-ის ერთ-ერთი მფლობელი და ხელმძღვანელი კახა ტრაპაიძეა, რომელიც, თავის მხრივ, არის გელათის გადახურვის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტის შემდგენი კომპანიის ააიპ “საქართველოს მემკვიდრეობის” დამაარსებელი და ხელმძღვანელი.
იმ პირობებში, როდესაც ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია გელათში წყლის ჩასვლა, მისი გადახურვის შემდგომ და იყო ეს სამუშაოების უხარისხოდ შესრულების მიზეზით თუ საპროექტო დოკუმენტაციის არასწორად შედგენის მიზეზით, საყურადღებოა რატომ გაუფორმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ხელახალი ხელშეკრულება ბაგინეთი + ს, მაშინ როდესაც მისი მფლობელი შესაძლოა თავად იყო დამნაშავე თავის დროზე გადახურვის სამუშოებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის არასწორად შედგენაში.