საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ სერგო ჩიჩიანმა ქუთაისის N17 და N41 საჯარო სკოლებში გახსნილი საგამოცდო ცენტრები დაათვალიერეს და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვეს.
2026 წლის გამოცდებისათვის სულ 83 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
ქუთაისის N17 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში გამოცდებს 1600-ზე მეტი აბიტურიენტი, ხოლო ქუთაისის N41 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში 1500-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს.
ქვეყნის მასშტაბით, პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი. დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.
ინგლისური ენის გამოცდის პარალელურად, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ფიზიკის გამოცდას აბარებენ.
ფიზიკის გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცხადდა 76%-ზე მეტი გამოსაცდელი. დაგვიანების შემთხვევა არ ფიქსირდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრანტობის კანდიდატები 23-24 ივლისს ჩააბარებენ.
