რამდენიმე წლის წინ, საფუძველი ჩაეყარა ამ უდიდეს საქმეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და დღეს უნივერსიტეტს ჰყავს უკვე პირველი კურსდამთავრებულები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ძალიან დიდი გზის, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი წინსვლა და წარმატებები უნდა მოუტანოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე არის ისტორიული, როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.
,,ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში არსებობდეს 2 განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, რომლებსაც თანაბარი დატვირთვა ექნებათ ქვეყანაში განათლების მიწოდების თვალსაზრისით.,,-საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისს და იმერეთის მხარეს აქვს განსაკუთრებული აკადემიური ტრადიციები და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება, შექმნა, არის ამ ტრადიციების ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელება.
„რამდენიმე წლის წინ, საფუძველი ჩაეყარა ამ უდიდეს საქმეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და დღეს უნივერსიტეტს ჰყავს უკვე პირველი კურსდამთავრებულები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ძალიან დიდი გზის, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი წინსვლა და წარმატებები უნდა მოუტანოს.
უნივერსიტეტმა უკვე შექმნა თავისი მაღალი რეპუტაცია, მის შესახებ, ბუნებრივია, ძალიან მაღალ ტონალობაში შეიძლება უკვე საუბარი იმ მიღწევებიდან გამომდინარე, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში დაგროვდა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ქუთაისს და იმერეთის მხარეს აქვს განსაკუთრებული აკადემიური ტრადიციები, რითაც ჩვენი ქვეყანა ამაყობს. ძალიან დიდი ფესვები აქვს, დიდი ისტორია აქვს აკადემიურ ტრადიციებს ამ ქალაქში და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება, შექმნა, არის ამ ტრადიციების ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელება.
4 წლის განმავლობაში უნივერსიტეტი თანდათანობით ვითარდებოდა, თანდათანობით ფართოვდებოდა და დღეს, ჩვენ ვხედავთ უნიკალურ ინფრასტრუქტურას, რომელიც აქ არის შექმნილი. რა თქმა უნდა, უნიკალურ ინფრასტრუქტურასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის სასწავლო პროგრამები, რომლებიც თანდათანობით ვითარდება და ფართოვდება. წელს სრულდება, დამატებით, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, 27 000 კვ.მ. ფართობის შენობა - ნაგებობები, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის რესურსების გაფართოებას,“- აღნიშნა პრემიერმა.