დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.
დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - “საფლავი”, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული.
გარდამოხსნა შესრულდება საგალობლებით, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ამის შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან.
გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.
დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა.
მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!" დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა.