აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.
რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი 27 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან.
ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს.
ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით ამცირებს.
ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი - 1362 მეტრის ხიდი, ხოლო ამავე მონაკვეთზე ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1640 მერტია.
ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, გარე განათების სისტემასაც.
რიკოთის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. ამ დროისათვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის, ხევი-უბისას, უბისა-შორაპნის და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებად.
პროექტის ფარგლებში, სურამთან, შროშასთან და ზესტაფონთან მოეწყობა სპეციალური სივრცეები, ე.წ. სავაჭრო მოედნები, სადაც მოსახლეობა საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას გამართული ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების პირობებში შეძლებს.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 10,000 ადამიანზე მეტი, საიდანაც 70%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა.
მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტების - ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, პროექტის დასრულება კი, 2024 წელს იგეგმება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, მერიის კულტურის სამსახურის უფროს მინდია კიკნაველიძესთან და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელ ნინო მშვილდაძესთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებიც ოთხ ათეულ წელზე მეტი საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობდნენ და არაერთი თაობა აღუზრდიათ, მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცა.
პედაგოგებს მერმა სიმბოლური საჩუქრები უსახსოვრა და მათ მადლობა გადაუხადა იმ ამაგისთვის, რაც პედაგოგებმა მუნიციპალიტეტის მომავალი თაობების აღზრდაში ჩადეს.

„ყველა პედაგოგს ვულოცავ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. მათი პროფესიული საქმიანობა დასაფასებელი და პატივსაცემია. დღეს მოვინახულეთ ის პედაგოგები რომლებიც ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდნენ და არაერთი ღირსეული მოქალაქე აღუზარდათ როგორც ჩვენს მუნიციპალიტეტს, ასევე ქვეყანას.
ქედს ვიხრი მათ წინაშე და კიდევ ერთხელ ვულოცავ მასწავლებლის ეროვნულ დღეს.“
განაცხადა ბაღდათის მერმა კახა ენუქიძემ.

მასწავლებლის ეროვნული დღე, 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს ,წელს პირველად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვრის ინიციატივით აღინიშნება.