ქუთაისური დერბი აიას გამარჯვებით დასრულდა
დღეს ,,აია არენაზე" ,,დიდი 10"-ის ლიდერთა მატჩი გაიმართა.
ქუთაისურ დერბში ერთმანეთს ,,აია" და ,,არესი" დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით 41:10 დასრულდა. ,,აიამ" ამ მოგებით რეგულარული ჩემპიონატის ლიდერობა დაიბრუნა.
პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო. თემურ კოხოძის მიერ მატჩის დებიუტშივე დადებულ ლელოს, ,,არესმა" გიორგი თევდორაძის ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხა. ,,არესი" ბურთს დაეუფლა და მწვავედაც შეუტია, მაგრამ ,,აიამ" ბრწყინვალე კონტრშეტევა განახორციელა, რომელიც ლელოთი კვლავ კოხოძემ დააგვირგვინა. ნიკა ღლონტმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა 12:3
,,არესი" მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადა და ტაიმის ბოლომდე ანგარიში 2 ქულამდე შეამცირა. ლელო პატერსიო ფინაუმ მიითვალა, გარდასახვა კი გიორგი თევდორაძემ შეასრულა -12:10
მეორე ტაიმში ,,აიამ" ,,არესის" წინააღმდეგობა საბოლოოდ გატეხა. ტაიმის საწყის წუთებზე ლელო ირაკლი სიმსივემ გაიტანა, შემდეგ კი თავი ნოდარ დოლიძემ გამოიჩინა. გიორგი ბაბუნაშვილმა ლელო ზუსტად გარდასახა. 65-ე წუთზე მეტოქე გიორგი ფრუიძემ დაალელოვა, ბაბუნაშვილმა კი გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა. მატჩის ბოლო წუთებზე საბა ხონელიძემ დაამიწა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანზე, ბაბუნაშვილის გარდასახვამ კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 41:10. ,,აიამ" ბონუს-ქულა აიღო და ერთი კვირის წინ დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა. 16 ტურის შემდეგ ‘აიას’ 58 ქულა მოუგროვდა და ორით გადაასწრო ‘არესს’.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე თემურ კოხოძე გახდა.