ქუთაისის განახალებულ საჩოგბურთო კორტებზე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით, სამოყვარულო ტურნირი "ქუთაისის თასი" გაიმართა.
ტურნირი სამი დღის განმავლობაში, ერთეულებსა და წყვილებს შორის მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდნენ თბილისის, ბათუმის, წყალტუბოს, ზუგდიდის, ფოთისა და ქუთაისის წარმომადგენლები.
ერთეულებში პირველი ადგილის მფლობელი ქუთაისის წარმომადგენელი გიორგი მარგველაშვილი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ასევე ქუთაისელმა ზურა პაქსაძემ დაიკავა. წყვილებში გამარჯვებაც მასპინძელი ქალაქის წარმომადგენლებმა თამაზ არეშიძემ და ზურა პაქსაძემ მოიპოვეს, მეორე ადგილზე კი, ბათუმის წარმომადგენლები ვალერ მელიქიძე და დენის კოვალოვი გავიდნენ.
საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს ფულადი ჯილდოები, მედლები და სერთიფიკატები გადაეცათ.