ტალინში პნემატური იარაღებიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.ქართველმა სპორტსმენებმა პირველივე დღეს 2 ბრინჯაო მოიპოვა. ახალგაზრდებში შერეული გუნდური შეჯიბრი გაიმართა,სადაც ორივე ბრინჯაოს მედალი ქართველებმა მოიპოვეს. გადამწყვეტი შეხვედრა ორივემ ერთნაირი ანგარიშით, 16:12 მოიგო.
შეჯიბრებაში 30 წყვილი ჩაება, ორივე გუნდმა კი პლეი ოფის საგზური მოიპოვა. I ნაკრებში თბილისელი მარიამ აბრამიშვილი და ქუთაისელი გიორგი მუმლაძე შედიოდნენ, II-ში - თელაველი მარიამ ფროდიაშვილი და ქუთაისელი იოანე ხვარეშია. მათ შესარჩევი ერთნაირი შედეგით, 565 ქულით დაასრულეს, თუმცა უკეთესი დამატებითი მაჩვენებელი პირველ გუნდს აღმოაჩნდა და მე-3 ადგილი მათ ერგოთ, მეორე წყვილი კი მე-4 საფეხურზე დარჩა.
ბრინჯაოსთვის საპაექროდ თავიდან II გუნდი გავიდა. მათი მეტოქე იტალიელთა დუეტი იყო - ფრანჩესკა კარდიერო-ლიან-ქსი სავორანი. შეხვედრა საკმაოდ დრამატულად წარიმართა - თავიდან ჩვენების 6:0 „გაქცევას“ იტალიელთა 6:4 მოჰყვა აქ მათ წუთშესვენება აიღეს, თუმცა ამით მეგი ქადაგიძემ და მისმა შეგირდებმა უფრო იხეირეს - ანგარიში 12:4 გახადეს. ამას იტალიელთა „რენესანსი“ მოჰყვა და ანგარიში გაგვითანაბრეს - 12:12. აქ უკვე მეგი ქადაგიძემ აიღო წუთშესვენება, შეხვედრის განახლების შემდეგ კი ჩვენებს ერთი სეტიც არ დაუთმიათ და 16:12 იმარჯვეს.
აბრამიშვილი-მუმლაძის წყვილმა უფრო ადვილად დაამარცხა მოლდოველები - ანა დულკე-დენის პოპოვი. ჩვენები აქაც 6:0 დაწინაურდნენ, რასაც 6:4 მოჰყვა. აქ წუთშესვენება ჩვენების მწვრთნელად გამწესებულმა ლევან ქადაგიძემ აიღო, ვინც თავად უნდა იასპარეზოს უფროსებში. მის დარიგებებს 8:4 მოჰყვა, მერე კი მეტოქეებმა მორიგეობით მოიგეს სეტები, თუმცა ერთ პერიოდში მოლდოველები 12:10 დაწინაურდნენ. ოღონდ ეს მათი ბოლო წარმატება იყო - ამის შემდეგ ჩვენებმა 3 სეტი მოიგეს და საბოლოოდ ამათაც 16:12 იმარჯვეს.