კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით გუნდი, თურქულ შეკრებაზე ხანგრძლივი დროით გამგზავრა, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება. ბელეკში გასამართი საწვრთნელი პროცესის პირველი ნაწილი, მთლიანად ფიზიკური კონდიციების ოპტიმალურ დონეზე მიყვანას დაეთმობა , ხოლო მეორე ეტაპზე, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით ტორპედოელები რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. საკადრო ცვლილებებიდან გამოდინარე, გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. თურქულ შეკრებაზე კი „ტორპედოს“ რიგებში გულშემატკივარი ახალ სახეებს იხილავს. მათ შორის იქნებიან გიული მანჯგალაძე, გიორგი ქიმაძე, აკაკი შულაია, ლაშა შერგელაშვილი, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი კუხიანიძე.
"მომდევნო სეზონში, ისეთ გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად როგორებიც, როინ კვასხვაძე, ბაქარ მირცხულავა, ლევან მჭედლიძე, მათე ცინცაძე და სხვები არიან, ქუთაისელთა ღირსებას კლუბის აღზრდილი ახალგაზრდა ფეხბურთელებიც დაიცავენ, რომლებსაც თავის გამოჩენის კარგი საშუალება მიეცემათ. "-წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.