ქუთაისის ცენტრალური არქივის შექმნიდან 100 წელი შესრულდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სისტემაში შემავალი ქუთაისის ცენტრალური არქივი 1925 წელს დაარსდა. აქ დაცულია XVII-XXI საუკუნეების დოკუმენტები, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობასა და იქ მოღვაწე გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. არქივის ფონდებში დაცულია იმერეთის მეფეების გაცემული ისტორიული საბუთები, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტების წყალობის წიგნები, მოსახლეობის აღწერის მასალები; ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, გალაკტიონ ტაბიძის, გაბრიელ ქიქოძისა და სხვათა ავტოგრაფები. ქუთაისის, ბათუმის, ფოთის – გეგმები, სხვადასხვა ისტორიული შენობის პროექტები.
საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საიუბილეოდ მომზადდა გამოფენა და გამოიცა წიგნი, რომელიც ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ მრავალფეროვან და საინტერესო საარქივო მასალას წარმოაჩენს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ქუთაისის ცენტრალურ არქივს ახალი შენობა აქვს. თანამედროვე სტანდარტების საცავებში ინახება ქუთაისის, წყალტუბოს, სამტრედის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ხონის, ვანის, ბაღდათის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის საარქივო საქმეები. სულ დაცულია 4334 ფონდის 905 432 შესანახი ერთეული.