შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში 44 პირი დააკავეს.
მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით, დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ, დაკავებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
სამართალდამცველებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში, ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 1 417 პირი, რომელთაგან საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ნარკორეალიზატორია.