სურსათის ეროვნული სააგენტო ქუთაისის,ბათუმისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვისა და აღრიცხვის საპილოტე პროგრამას იწყებს.
პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.
განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად გადაყვანა.
პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით აღჭურვილი 20 ავტომანქანა შეიძინა. დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად იმუშავებენ. ამასთან, მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები, ტესტები, ინსინირატორები სახიფათო ნარჩენებისთვის და სხვა.