ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული მაღაროელები პატიმრობაში დატოვა.
დღეს მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგიზ გველესიანის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.ადვოკატების შუამდგომლობის მიუხედავად,მოსამართლემ დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებაზე უარი თქვა. შემდეგი სხდომა 23 ივლისს გაიმართება.
საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ჭიათურაში დღეს უწყვეტი საპროტესტო აქციის 140-ე და შიმშილობის 29 -ე დღეა.