2025 წლის 12 ივნისს, 14:30 საათზე ქუთაისის რაიონული სასამართლო ჭიათურაში დაკავებული მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგიზ გველესიანის მიმართ შეფარდებულ პატიმრობას გადასინჯავს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა კი 17 ივლისს ჩატარდება .
საქმე შეეხება 2025 წლის 28 აპრილს, ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს, რის შემდეგაც პროტესტის ოთხი მონაწილე დააკავეს.
2025 წლის 1 მაისს, მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს, რომელთა ინტერესებსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა იმ საფუძვლით, რომ სახეზე იყო ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სასამართლო ვალდებულია, ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი და დღევანდელი სასამართლო სხდომის მიზანიც სწორედ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახის, პატიმრობის, გადახედვაა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, საქმის გარემოებებზე დაყრდნობით, არ იკვეთება ბრალდებულთა მიმალვის საფრთხე და ჭიათურელების კიდევ უფრო გაუარესებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, გირაოს გამოყენება სრულად უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ბრალდებულთა პროცესში შემდგომ მონაწილეობას, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენციას. შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატები სასამართლოს დაკავებულების პატიმრობიდან გათავისუფლების და აღკვეთის სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავენ.
ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეხუთე თვეა უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას, რამაც საგანგაშო სოციალური პრობლემები გამოიწვია მათთვის და მათი ოჯახებისთვის. მიმდინარე წლის აპრილში კომპანიაში რეორგანიზაციის პროცესს ახალი ადმინისტრაცია ჩაუდგა სათავეში, რომლის ქმედებებმა მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა.