გასულ წელს, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4% შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2024 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.8 % შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.9%-ს გაუტოლდა.
„2024 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 12.1% შეადგინა (-4.0 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 9.3% (-2.1 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში - 6.7% (-1.3 პროცენტული პუნქტი). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, როგორც ქალებისათვის, ასევე კაცებისათვის, შემცირებულია 2.4 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 9.0 და 9.8% შეადგინა.,,-წერია ინფორმაციაში.