ჭიათურაში დღეს, 15:00 საათზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.მაღაროელები საკუთარ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.დღეს პროტესტის 49-ე დღეა.
,,გუშინ ჭიათურაში გაიმართა სამხრივი კომისიის შეხვედრა, რომელსაც მაღაროელები არ ესწრებოდნენ. შეხვედრაზე კომპანიამ წარადგინა საკუთარი გეგმა გარკვეული პირობებით, რომელთა შესრულების შემთხვევაში ის სამუშაო პროცესის განახლებას აპირებს.
თუმცა, მკაფიოდ უნდა ითქვას: ამ შეხვედრაზე საუბარიც არ ყოფილა ჩვენი მოთხოვნების შესახებ — იმ მოთხოვნების, რასაც უკვე 49 დღეა ვაყალიბებთ და ვითხოვთ.
ეს მოთხოვნები მხოლოდ მაღაროელების კეთილდღეობას არ ეხება — ისინი მთლიანად ჭიათურის მომავალზე, მისი გრძელვადიანი და ეფექტური განვითარებაზეა ორიენტირებული. თანაც , ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტწტია ყველა მოთხოვნის შესრულებაზე და სამუშაო პროცესის აღდგენაზე სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა. კომპანიამ ბევრჯერ მოგვატყუა და არ ვაპირებთ მათი მხრიდან ტკბილი დაპირებებით კიდევ ერთხელ მოვიტყუოთ თავი და მივცეთ უფლება მოატყუოს საზოგადოება.
დღეს, 15:00 საათზე, ქალაქ ჭიათურაში იმართება დიდი საპროტესტო აქცია.
მოდი აქციაზე, თუ შენც ისე უყურებ საკითხს, როგორც მთელ ქალაქს ეხება —
თუ გინდა, რომ ჭიათურა გადარჩეს და არა განადგურდეს.
თუ გინდა, რომ მისი ბუნებრივი რესურსებით მიღებული შემოსავალი გავრცელდეს თითოეულ ჩვენგანზე და არ დარჩეს მხოლოდ ერთი ინვესტორის ჯიბეში — მაშინ შენი ადგილი აქაა!
ამ ყველაფრის საპირწონედ დღეს გვრჩება მხოლოდ დანგრეული სოფლები და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
მოდი აქციაზე — ეს შენი ვალია!
დაიცავი შენი ქალაქი, იბრძოლე მისი მომავლისთვის!
ერთად დავწეროთ ახალი ისტორია!,, -ნათქვამია მაღაროელების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.