ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა საიას საჩივარი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომელიც, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კენჭისყრის ფარულობის მასობრივი დარღვევას შეეხება. აღნიშნულის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დავობს, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი - თავისუფალი არჩევნების უფლება.
საჩივარში აღნიშნულია, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება.
საია საჩივარში ასევე დავობს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილი საჩივარი თავისი შინაარსით პრეცედენტულია და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, კონვენციის ჭრილში შეაფასოს როგორც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა, ისე არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის სისტემის სამართლიანობა.