ქუთაისში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
ბულვარის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში ახორციელებს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14.9 მილიონი ლარით ფინანსდება.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით,რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა პარკის არსებული მდგომარეობის სრულყოფილ შესწავლას. ამისათვის, ჩატარდა ტაქსაცია და სრულად აღინუსხა პარკში არსებული უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები. პარკის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულია დენდროლოგი და პროექტი ხორციელდება მისი რეკომენდაციების სრული დაცვით. პარკის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ახალი ხე-მცენარეების დამატებაც.
პროექტის ფარგლებში, ბულვარის გეგმარება რჩება უცვლელი და განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა, სადაც გამოყენებული იქნება მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები. ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის მოედნის“, ხოლო ქვედა ნაწილში ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა. მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება სფეხმავლო ბილიკები და რეაბილიტირდება არსებული საზოგადობრივი საპირფარეშო.
ბულვარი 1821 წელს გაშენდა.