გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 96 ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის, 75 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 21 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 26 ფაქტი გამოვლენილია აჭარაში, იმერეთში დაფიქსირდა 20 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში - 18, ქვემო ქართლში - 10, კახეთში - 9, შიდა ქართლში - 4, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთშიც - 4, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 3, მცხეთა-მთიანეთში - 1, გურიაშიც - 1.
ჯამში ამოღებულია 126 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მიმდინარე წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1739 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 89 უკანონო სახერხი საამქრო.