არასამთავრობო ორგანიზაცია,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი,,თბილისში, პარლამენტის წინ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის აქციას ეხმაურება და პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.
,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი,, მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას - დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საკუთარი თანამდებობის გამოყენებით მშვიდობიანი შეკრების უფლების უკანონოდ შეზღუდვაში;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - შეწყვიტოს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევა და მშვიდობიანი შეკრებების დროს კარვების ან/და სხვა წვიმისგან დამცავი/დასაფარებელი ატრიბუტიკის შეზღუდვის უკანონო და თვითნებური პრაქტიკა.,,-წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაციის შეფასებით,პოლიცია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციასა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონს, როცა პარლამენტთან შეკრებილ შუქრუთელებს მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად კარვის, საძილე ტომრების ან/და სხვა აუცილებელი ატრიბუტიკის ქონის უფლებას არ აძლევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი ქმედებები მშვიდობიანი შეკრების უფლებაში თვითნებური ჩარევაა და წარმოადგენს სამოხელეო დანაშაულს.შუქრუთელები უკვე 200 დღეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებენ ”ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას და კომპანიის მიერ მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. შუქრუთელებს ჯერ საჩხერის რაიონულმა სასამართლომ აუკრძალათ საკუთარ სოფელში, მაღაროსთან პროტესტი. ახლა კი უკვე თბილისში, პარლამენტის შენობასთან არ ეძლევათ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, სადაც 11 სექტემბრიდან აგრძელებენ პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას.საგულისხმოა, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტის მონაწილეების მხრიდან ადგილი არ ჰქონია არანაირ კანონდარღვევას, ან ძალადობრივ მოწოდებას. შუქრუთელები აბსოლუტურად მშვიდობიანად, კანონის ნორმების დაცვით ცდილობენ საკუთარი პროტესტის გამოხატვას პარლამენტთან.
ფოტო-,,მთის ამბები,,