საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტყიბულში საქნახშირის საწარმოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.
მთავრობის მეთაურმა მეშახტეებს ქალაქისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და საწარმოში არსებულ შრომის პირობებზე მათი მოსაზრებები მოისმინა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საწარმოში შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას.
,,მეშახტის შრომა არის გამორჩეულად რთული შრომა, თუმცა, ასევე გამორჩეულად საამაყო. განსაკუთრებული პატივისცემა მინდა, გამოვხატო თითოეული მეშახტის მიმართ. მე მახსოვს, 2017-2018 წლებში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა იყო, რაც დაკავშირებული იყო მეშახტის შრომასთან. პრობლემები იყო შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შახტების გადაიარაღებასთან, შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და მიხარია, რომ 2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, ეს პრობლემები გადაჭრის გზაზეა. 80%-ით გაიზარდა მას შემდეგ მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი ასე გაგრძელდეს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ გაგრძელდება შახტების განვითარება, რაც რა თქმა უნდა, აისახება ტყიბულელებზე, მათ დასაქმებაზე, შრომის ანაზღაურებაზე და ამაზე, ჩვენ, საქართველოს მთავრობა ვიღებთ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი იმაზე, რომ ტყიბულს არ მოვაკლოთ მზრუნველობა, ყურადღება და გარწმუნებთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაშიც განვაგრძობთ აუცილებლად ტყიბულზე ზრუნვას. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ "ტყიბულქალაქობა" და "მეშახტის დღე",“- განაცხადა პრემიერმა
საწარმოში ამჟამად 1300-მდე ადამიანია დასაქმებული.
მთავრობის მეთაურმა დღესვე ტყიბულში დაღუპულ მეშახტეთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.