30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ქუთაისში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს: ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წევრებმა.
ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების ჩართულობით გაიმართა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანია, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება და ცნობიერების ამაღლება, ოჯახების თანადგომა და მათი გაუჩინარებული ახლობლების ხსოვნის უკვდავყოფა.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ამ დრომდე 2000-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, რომელთა მოძიება და ოჯახებისთვის დაბრუნება მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.