EURO 2024-ის ეროვნული ნაკრების მერვედფინალურ მატჩზე საგულშემატკივროდ საქართველოდან გერმანიის მიმართულებით მთავრობის მიერ სუბსიდირებული რეისით, ქომაგების პირველი ნაკადი ჩაფრინდა. სპეციალურმა ჩარტერულმა რეისმა კიოლნში 219 ქომაგი ჩაიყვანა.
29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, 7 ჩარტერი დაინიშნა. კიოლნიდან დასაბრუნებელი ბილეთების ყიდვა tkg.ge-ს პლატფორმაზეა შესაძლებელი. თბილისიდან გასაფრენი ბილეთები კი უკვე სრულად ამოიწურა.
სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულებაა EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება EUR 390-ს შეადგენს.ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში, სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.
გამფრენი მგზავრები რეგისტრაციაზე, შესაბამის აეროპორტებში, 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. საქართველოს მოქალაქეებმა თბილისიდან კიოლნში გამგზავრებისას სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა იქონიონ ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანიაში საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ქომაგებისთვის ჯამში 40-მდე ჩარტერული რეისი დააორგანიზა.