შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, იმერეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ბ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად, ლოკაციებზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები „კოკაინი“, „მდმა“, „მეთადონი“, „ამფეტამინი“ და „ლსდ“ ამოიღეს, ხოლო, ბრალდებული გ.ა.-ს ჩხრეკისას, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომელიც მან ინტერნეტაპლიკაციის საშუალებით შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეიძინა და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.
დაკავებები ასევე განხორციელდა თბილისსა და ბათუმში.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.