ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის სკოლის პედაგოგი გზის დაგებასა და გაწმენდას, გამართულ ელექტრომომარაგებას და სასკოლო განაყლებისთვის ელემენტარულ პირობებს ითხოვს.ლაურა მარიტა გოთიაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
" ძმუისში ცხოვრობს დეიდა და 2019 წელს მითხრა, რომ სოფელში სკოლას 2 წელი არ ჰყავდა ინგლისურის მასწავლებელი და სკოლის დახურვას აპირებდნენ. გზის არარსებობის და მკაცრი ზამთრის გამო ყველა უარს ამბობდა. ეგრევე დავტოვე თბილისი და წამოვედი.
როგორც კი პანდემია დაიწყო, გზებიც ჩაიკეტა და სოფლის დიდთოვლობაც დაემატა. არაადგილობრივი მასწავლებლები ვეღარ ავედით სოფელში და რესურსცენტრს ვთხოვეთ ან გზების გაწმენდა ან სწავლების ჰიბრიდული რეჟიმის შემუშავება. უარი მითხრეს და სამსახურიდან გათავისუფლებითაც დამემუქრნენ, როგორც ჩანს შენ მუშაობა არ გინდაო .მუქარა რომ არაფერს ნიშნავდა და გამეცინა, ალბათ თქვენც ხვდებით. მუშაობაც რომ არ მეზარება, ესეც აშკარაა. შემდეგ თავი იმართლეს, სოფელს არ აქვს არც ინტერნეტი, არც შუქი და ამიტომ ჰიბრიდული რეჟიმი ვერ იმუშავებსო.
ეს მიზეზი მივიღეთ, რის ვაი-ვაგლახით ავედით სკოლაში და იმ დღიდან ყველა გადაწყვეტილების მიმღებს ვთხოვდით, სოფლის გამართულ ელექტრომომარაგებას, გზის დაგებას, ხის დამპალი ხიდების გაკეთებას, ინტერნეტს, სკოლის მუშა ტექნოლოგიებით აღჭურვას ( დღეს რა კომპიუტერიც გვაქვს, დილით რომ დავაჭერთ ჩართვის ღილაკს, სკოლის დამთავრებისას უნათდება ეკრანი და პროექტორი მარტო მარჯვენა გვერდს აშუქებს ). ვითხოვდით დაუღალავად, პროექტიც დავწერეთ, თხოვნა-მუდარაც ვცადეთ, მაგრამ ყველა მხრიდან უარი მივიღეთ: სკოლა მცირე კონტიგენტიანიაო .
მეორე წლის ზამთარშიც იგივე პრობლემა გაჩნდა,ისევ უარი გვითხრეს გზის დაგებაზეც, გაწმენდაზეც და ჰიბრიდულ მოდელზეც. ქუთაისელ მათემატიკის მასწავლებელს დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები და წავიდა. ადენომა მქონდა, ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მე სადღა წავიდოდი. სკოლას ვერ ვუღალატებდი ასეთ დროს... ამიტომ დავრჩი. ისევ დავიწყეთ ხვეწნა-მუდარა: გზა გაგვიკეთეთ, შუქი გაგვიკეთეთ, ხის დამპალი ხიდები გაგვიკეთეთ.... მაგრამ არაფერი.
პარალელურად, განათლების სამინისტრო მთხოვს მოსწავლეებისთვის XXI საუკუნის კომპეტენციების განვითარებას და მრავალფეროვან კომპლექსურ დავალებებს, მაშინ როცა მე 15 სექტემბრიდან 15 ივნისამდე მაქვს მხოლოდ ცარცი და დაფა, ყოველ 7 წუთში ღუმელს ვუნთებ და მეტწილად შუქიც არ გვაქვს ...
ამ დროს ხალხი მარსზე სასეირნოდ დაფრინავს და ჩემი მოსწავლეების ტოლი გოგო-ბიჭები აღმოჩენებს აკეთებენ მეცნიერებებში. მე და ჩემი ბავშვები კი ვსხედვართ და დღის შუქზე ვასრულებთ დავალებებს. თუ შუქი გვაქვს, ბავშვები თავის დანაზოგით მორიგეობით ავსებენ ინტერნეტის ანგარიშს, უზიარებენ ერთმანეთს და ცდილობენ, ამ გზით დაუკავშირდნენ გარესამყაროს.
თუ სოფელი პრიორიტეტია, მაშინ სოფლის ბავშვებს ნუ გვიჩაგრავთ. სულ მცირეკონტიგენტიანი ვიქნებით თუ არ დაგვეხმარებით. ყველა ბავშვს აქვს ხარისხიან განათლებაზე წვდომის უფლება!
ყველა სოფელს ჭირდება გზა, გამართული ენერგო-სისტემა, ინტერნეტი, გაზი, წყალი და ზოგადად საარსებო მინიმუმი.
ბევრი მეუბნება, წამოდი სოფლიდან, შეეშვიო.... რომ წამოვიდე, პრობლემა გაქრება? თუ გამძაფრდება?
სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები რომ გაქვთ, სოფლამდე თუ ვერ მივედით, რად გვინდა?"- წერს პედაგოგი და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას,
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავს.
ფოტო პირობითია და არ ასახავს სოფელ ძმუისის ყოველდღიურობას(საინფორმაციო სააგენტო ,,აქტორი,,)