ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენები წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ქეთევან თხელიძემ დაცვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და 6-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საკითხზე სასამართლო რვა საათზე მეტი ხნის განმავლობაში მსჯელობდა. თავად ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, ამის შემდეგ კი საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატები ჩაერთნენ. ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ .
დაპირისპირება, რომლის გამოც სამართალდამცავებმა 6 პირი დააკავეს, 12 აპრილს გუმათში, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე მოხდა. დაზარალებულების განცხადებით, 30-მდე პირმა 3 პირი კასტეტებისა და ქვების გამოყენებით სცემა.
დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
შეგახსენებთ, 6 ადამიანი პოლიციამ ბათუმში 15 აპრილს დააკავა.წარდგენილი ბრალი -ჯგუფური ძალადობა 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.