ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მასწავლებლების 65% აცრილია, თუმცა, სკოლებში ინფექციის გავრცელების შეჩერებისთვის საჭიროა, ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდოს.
ამ ეტაპზე დისტანციურ რეჟიმში სწავლებას 150 სკოლა განაგრძობს.
„ჯამურად მასწავლებლების ვაქცინაციის პროცენტი 65-მდე აღწევს, ზოგიერთ სკოლაში უფრო მაღალია, ზოგიერთ სკოლაში შედარებით დაბალია. ეს მაჩვენებელი ცუდი არ არის, თუმცა, იმისთვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს, რა თქმა უნდა, სასურველია, ეს იყოს 80%-ზე მეტი. ახლა რაც შეეხება სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას, 150 სკოლაში მოხდა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და დაახლოებით, 400-მდე ინდივიდიალურ კლასში გახდა საჭირო დისტანციურ რეჟიმზე მათი გადაყვანა. სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, დაბალი პროცენტია, კარგია, რომ სკოლები ახერხებენ ინფექციის შიდა გავრცელების მართვას და ამდენად, ვფიქრობთ, ეს იქნება ის მექანიზმი, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ სკოლები ასე გახსნილად საკლასო სასწავლო რეჟიმში“, - განაცხადა გაბუნიამ.
„სავალდებულო“ არც ერთ სამედიცინო ინტერვენციასთან მიმართებაში არ არის ლეგიტიმური და ეთიკურად გამართლებული ტერმინი, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა საქართველოში სავალდებულო ვაქცინაცია.
,,ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს ვაქცინაციის პროცესი, რათა აცრა ყველასთვის უფასოდ იყოს ხელმისაწვდომი. ასევე სახელმწიფოს ევალება საინფორმაციო კამპანია და არა რომელიმე პირის ძალდატანებით ვაქცინაცია, ამის ალბათობა თეორიულადაც კი არ არსებობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.