ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველო შაბათს „წითელი ჯვრისგან“ 100 ათას დოზა „სინოფარმს“ მიიღებს.
როგორც მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, „სინოფარმზე“ რეგისტრაცია და რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია ორშაბათიდან განახლდება.
„იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ირჩევს „სინოფარმს“, სასიხარულო ამბავი გვაქვს - მადლობა მინდა გადავუხადო „წითელ ჯვარს“, რომლისგანაც ჩვენ საჩუქრად 100 ათას დოზა „სინოფარმს“ შაბათს მივიღებთ, რაც მოგცემს საშუალებას ორშაბათიდან კვლავ განახლდეს „სინოფარმზე“ როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია. ჩვენ კვლავ ვრჩებით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში ფართო ასორტიმენტით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე შემსუბუქებულია.
"დღეს გვაქვს 2571 შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უსწრებს ინფიცრებულთა რაოდენობას და ჯამური რაოდენობა დღეს აქტიური შემთხვევების გვაქვს 35 000. მნიშვნელოვნად არის შემსუბუქებული ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე, თუმცა რა თქმა უნდა, პაციენტები ჯერჯერობით ინტენსიურად გადიან მკურნალობას ჰოსპიტლებში. დღესდღეობით რეანიმაციულ საწოლზე გვყავს 380 ადამიანი, 1500 ადამიანი არის ინტენსიური მოვლის საწოლზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლეტალობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იკლებს ქვეყანაში და გააქტიურებულია ვაქცინაციის პროცესი. პირველად დოზებზე იკლებს რეგისტრაცია და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ვაქცინა გვიცავს, გვიცავს მნიშვნელოვანი გართულებებისგან, ლეტალობისგან და მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესში მეტად უფრო აქტიური ჩართვა მოხდეს"- განაცხადა მინისტრმა.
8 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში 1 366 678 აცრაა ჩატარებული.
1 დოზით ვაქცინირებულია 856 956 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.0%. სრულად ვაქცინირებულია 509 722 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 17.8%.
ბოლო 24 საათში კი 27 011 ადამიანი აიცრა.