ჩვენი სამიზნე წლის ბოლომდე არის 3 400 000 აცრა, რაც არის 1 700 000 მოსახლე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოში 1 400 000 აცრა არის ჩატარებული და ეს მაჩვენებელი სამიზნე ნიშნულის ნახევარს უახლოვდება. მანვე აღნიშნა, რომ ეს რიცხვი ჯერჯერობით საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რეალური გარდატეხა მოხდეს.
„საჭიროა მეტად ინტენსიური მუშაობა ვაქცინების გაფართოებაზე. გუშინ 16 000 აცრა ჩატარდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. გასულ დღეებში ყოველდღიურად 23 000-ზე მეტი აცრა გვქონდა. იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ტემპი და გვქონდეს მოლოდინი, რომ საყოველთაო იმუნიტეტი სწრაფად ჩამოყალიბდება, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად 30 000 მაინც იყოს დღის განმავლობაში ჩატარებული აცრების რაოდენობა.
ამ მიმართულებით გარკვეული საგანმანათლებლო კამპანია მიმდინარეობს, თუმცა მეტი აქტივობა არის საჭირო. ასევე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სხვადასხა ბიზნესთან, რათა ვაქცინაციის პროცესი მეტად დაჩქარდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციას, გაბუნიას განცხადებით , დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო, რათა საბოლოო რეკომენდაციები ჩამოყალიბდეს.
„12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია ძალიან სერიოზული საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, ჩვენი ექსპერტების ჯგუფები მსჯელობენ და მუდმივად ხდება მოძიება იმ გამოცდილებისა და რეკომენდაციების, რაც მოდის სხვა ქვეყნებიდან.
მაგალითად, ბრიტანეთის გამოცდილების მიხედვით 12-დან 16 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ რაიმე თანმხლები დაავადება, რამაც შესაძლოა სასიცოცხლო რისკები შექმნას კოვიდინფექციის განვითარების შემთხვევაში. ზოგიერთი ქვეყანა ცრის ამ ასაკობრივი ჯგუფის ყველა მოზარდს.
ამდენად, ჩვენ გჭირდება დამატებითი მტკიცებულებები იმისთვის, რომ საბოლოო სახით ჩამოვაყალიბოთ ეს რეკომენდაციები და ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გვექნება უფრო მკაფიო პასუხი ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა გაბუნიამ.