საქართველოში დელტა შტამის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"გიდასტურებთ, რომ გაიზარდა დელტა შტამის დადასტურებული შემთხვევები საქართველოში, გუშინ ლაბორატორიაში დადასტურდა 7 ახალი შემთხვევა. დაახლოებით, შემთხვევათა რაოდენობის 10-15 პროცენტი საქართველოში შესაძლოა იყოს დელტა, ანუ ე.წ ინდური შტამი.
სხვადასხვა პროგროზირებადი მაჩვენებლებით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუციების, ისე ჩვენი მოდელირებით, დღეს უკვე 10-20% -მდე შეიძლება მერყეობს „დელტა“ შტამის ცირკულაცია ქვეყანაში. ეს პროგნოზირებადი იყო იმდენად, რამდენადაც „დელტა“ შტამი თანდათან ბრიტანეთში და ევროპის რიგ ქვეყნებში ე.წ. ბრიტანულ შტამს ანაცვლებს. მისი გავრცელება სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. დღევანდელი მონაცემით, 85 ქვეყანაშია ის უკვე დაფიქსირებული. მეტი სიფრთხილე გვმართებს, იმ რეგულაციებისა და რეკომენდაციების მეტად დაცვა, რაც ქვეყანაში არსებობს და მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს.
ჩვენ ახლა ე.წ. ოქროს შუალედით მივდივართ ანუ დანის პირზე გავდივართ. ზაფხულია, ეკონომიკა მეტად იხსნება, აუცილებელია რომ მეტი თავისუფლება მიეცეს ეკონომიკას, მაგრამ მეორე მხრივ, აუცილებელია ყველა რეგულაციისა და ყველა რეკომენდაციის დაცვა, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს. მთელი ივნისის განმავლობაში ეპიდსიტუაცია მსგავს მაჩვენებელზე დგას, თუ არ ჩავთვლით დღევანდელ მონაცემს, რომელსაც ჩვენ „სამშაბათის სინდორმს“ ვეძახით. შაბათ-კვირას ვინც ვერ მიდის ტესტის გასაკეთებლად, მიდის ორშაბათს და ამიტომ გვაქვს სამშაბათობით გაზრდილი მონაცემი. ჩვენ ამ ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში როგორც ინციდენტობის მაჩვენებლით, ასევე დადებითობის მაჩვენებლით ერთ დონეზე ვმერყეობთ. არც იზრდება და არც მცირდება. სიფრთხილე აუცილებელია" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დრომდე საქართველოში დელტა შტამის 20 შემთხვევა იყო ლაბორატორიულად დადასტურებული.