საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.
მინისტრმა „ასტაზენეკას“ ვაქცინა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.
როგორც მინისტრმა ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა, ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა არის მნიშვნელოვანი.
,,მიმაჩნია, რომ ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა არის მნიშვნელოვანი როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ექიმებისა და იმ კლინიკისთვის, სადაც მე ბევრი დადებითი წელი მაქვს გატარებული. ჩავთვალე, რომ ჩემი ვაქცინაციის აქ ჩატარება იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლურიც და დიდი მოტივის მომცემიც, როგორც საჩხერის კლინიკის მედპერსონალისთვის, ასევე ამ რეგიონისთვის. უკუჩვენება რომ ყოფილიყო, მე ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა შევსებული კითხვარი, რომელსაც გავეცი დეტალურად პასუხი, ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ,“ - განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ხვალ საქართველოში ,,ფაიზერის,, ვაქცინა შემოვა.
,,ჩვენთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ "ფაიზერის" ვაქცინა ხვალ უნდა შემოვიდეს საქართველოში. პირველი ლოკაცია იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სადაც მოხდება მისი ტრანსპორტირება. შემდეგ გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც "ფაიზერით" პირების ვაქცინირება მოხდება. ის ხელმისაწვდომი იქნება, როგორც სამედიცინო პერსონალისათვის, ასევე ყველა იმ ჯგუფისათვის, რომელიც გუშინ საკოორდინაციო საბჭომ გამოაცხადა“, - აღნიშნა მინისტრმა.