ფონდი "სოხუმის" დაარსებიდან დღემდე ქეთი გვაძაბია აქტიური "სოხუმელია". ფონდთან თანამშრომლობამ, მათთან ერთად პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვამ აქტიურ მოქალაქედ ჩამოაყალიბა.
ფონდი"სოხუმი"სხვა თემებთან ერთად, დევნილთა უფლებებზე, საჭიროებებსა და პრობლემებზე წლებია მუშაობს. უამრავი საკითხის მოგვარება ხდება მათი გვერდით დგომით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობითა და ერთიანი ძალებით. ტრენინგები, რომელსაც, ფონდის წევრები გვიტარებენ, ინფორმაციულად დატვირთული, საინტერესო და მნიშვნელოვანია_გვიყვება ქეთი.
ბევრი რამე შევიმეცნეთ, რაც ყოველდღიურობაში გვეხმარება და პრობლემის მოგვარების პროცესში გვიწყობს ხელს. ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე, უამრავი საჭირბოროტო თემა გამოიკვეთა. პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ ხდება ადვოკატირება და საკითხის მოგვარებაზე ზრუნვა. ფონდი"სოხუმის" თანადგომით ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაცია გაცილებით მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა. გზების, საცხოვრებელი სახლების გადახურვის, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებისა და სხვა პრობლემების მოგვარება, უკვე მოხერხდა. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კარგად იციან, რომ, აქტიურობითა და ერთიანი ძალებით, როგორც დევნილი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის არსებული თითქმის ყველა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი. ფონდი"სოხუმი" განსაკუთრებული მნიშვნელობის ორგანიზაციაა, მათთან, როგორც საკუთარ ოჯახში, თავს ისე ვგრძნობ. ვიცით დაგვეხმარებიან და გვერდით დაგვიდგებიან_ამბობს ქეთი და პარალელს მის მთავარ საქმიანობასთან ავლებს, რომელიც ოჯახისთვის შემოსავლის წყაროდ იქცა და რომლის პოპულარიზაციაშიც ფონდის წვლილი საგრძნობლად დიდია.
ჩემი ნამუშევრების არა ერთი გამოფენა მოეწყო ფონდის მეშვეობით. ხალხმა უკეთ გამიცნო და ჩემს მიერ ნატურალური ტყავით დამზადებული ჩანთებისა და სხვა ხელნაკეთი ნივთების მიმართ ინტერესი გაიზარდა. რაშიც ფონდი "სოხუმი" დამეხმარა. გამოფენის შემდეგ, ჩემი შემოქმედებით, ტელეკომპანია"რიონი" დაინტერესდა და ტელეჟურნალში"7 დღე" ვრცელი სიუჟეტი მომზადდა. მეორე დღეს ქალაქში ყველა მცნობდა, ხოლო, ჩანთების დამზადება ბევრმა ადამიანმა შემიკვეთა.

გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეს მკვიდრი წლებია ქუთაისში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. აფხაზეთის ომის შემდეგ ჩვენი ქალაქი გახდა მისთვის მშობლიური, თუმცა, აფხაზეთში დაბრუნება და განსხვავებული, ფირუზის ფერი, მოწმენდილი ცის, იქაური სურნელისა და ზღვის შრიალის ხმა, დღემდე არ ამოდის მისი მეხსიერებიდან და იმ კუთხეში დაბრუნებაზე ოცნებობს, რომლის დატოვებაც 28 წლის ასაკში იძულებით მოუწია.მოწონს სალათისფერი კაბა. ყველა ყვავილზე მეტად გვირილა უყვარს, რომელიც მისთვის, პირველ ნახატთან და მზესთან ასოცირდება, ფორთოხლის, ნარინჯისა და ყვითელი ფერების ულამაზესი ნაზავით.