1998 წელს ხონის სამხედრო დასახლებაში, სადაც აფხაზეთიდან დევნილები იყვნენ ჩასახლებულები, არასამთავრობო ორგანიზაცია ჩავიდა. მაშინ დევნილებისთვის კიდევ უფრო მეტს ნიშნავდა ყურადღება, თანადგომა, სითბო, იმედი, დახმარების ხელის გაწვდენა. საჭირო ინფორმაციის მიწოდება და რაც მთავარია, სიტყვის საქმედ ქცევა. მაია მანდარია თავისუფალი მსმენელის სტატუსით შეუერთდა ტრენინგის მონაწილეთა მცირერიცხოვან ჯგუფს. სულ მალე, აფხაზეთიდან დევნილი, სოხუმელი ქალისთვის ფონდი "სოხუმი" ისეთივე მშობლიური გახდა, როგორც მონატრებული სახლი და ქალაქი.
ფონდ"სოხუმთან" ხანგრძლივმა თანამშრომლობამ, გამომუშავებულმა უნარ_ჩვევებმა, ცოდნამ და გამოცდილებამ, ერთ დროს პატარა გოგონა, რომელსაც თანაკლასელებთან, ნასწავლი გაკვეთილის მოყოლაც კი ერიდებოდა, ლიდერ ქალად აქცია.
მაია მანდარია ფონდი"სოხუმის" პროექტებში აქტიურადაა ჩართული. ახლა უკვე იცის, რომ ქალს ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლია და ადგილობრივ თვითმმართველობასთან იმ პრობლემების მოგვარების გზების ძიებას ცდილობს, რომელთა გადაჭრაც, როგორც დევნილი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

,,ფონდი"სოხუმის" მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში უამრავი პრობლემა გადაიჭრა. თავდაპირველად ქალთა საინიციატივო ჯგუფში პრობლემის იდენტიფიცირებას ვახდენთ, შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ადვოკატირებას ვეწევით და მოსახლეობის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე უმთავრესი პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ. ეს ყველაფერი კი ფონდი"სოხუმის" დამსახურებაა,რომელთანაც ურთიერთობას არასოდეს გავწყვეტ"-გვიყვება მაია.
ახლა ლიდერი ქალის ამოცანა, ყოფილ სამხედრო დასახლებაში რამდენიმე ამორტიზირებული და საფრთხის შემცველი შენობის დემონტაჟია, სადაც, როგორც თვითონ გვიხსნის ბავშვებს თამაში უყვართ. არადა ნაგებობის ჩამონგრევის საშიშროება ყოველ წუთს იმატებს და მაშინ, ტრაგედია გარდაუვალი იქნება. საკითხის შესახებ შესაბამისი ორგანოები ინფორმირებულები არიან და როგორც მაია ამბობს, ფონდი"სოხუმის" და ხონის საინიციატივო ჯგუფის თანადგომით, მოსახლეობასთან ერთად საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

მაია მანდარია მეუღლესთან ერთად სოფელ კუხში ცხოვრობს. ცდილობს ხალხის გვერდით იყოს და პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. უყვარს პატარები. იასამნისფერი მოწონს. ვარდი_ყვავილებს შორის მისი ფავორიტია, ხოლო, ჩაცმის სტილი სადა, ელეგანტური და ოფიციალური. მთავარ მიზანს კი ფონდ"სოხუმთან" ერთად დევნილებისთვის, რაც შეიძლება მეტი კარგი საქმის გაკეთება წარმოადგენს.