ეს ჩვენი ისტორიაა, ყველას რომ შეგვეხო და ტკივილი დაგვიტოვა. ეს საქართველოს ნაწილია, მოუშუშებელი, ტკბილმწარე, მშობლიური და შორეული, მონატრებული, მრავალჯერ გამოტირებული და კვლავ გამთლიანების მომლოდინე .. ეს აფხაზეთია, გახლეჩილი, დანაწევრებული და თითოეული ქართველის, თითოეული დევნილის გულებში დიდ სევდად ჩასახლებული. ეს ჩაკვეტაძეების ოჯახის სევდაცაა,ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო ცალ_ცალკე დასაფლავებული ცოლ_ქმრის ისტორია...
მამა აფხაზეთის ომის დროს სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა და ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუშია დაკრძალული.
-"დედა წლების შემდეგ, სწორედ სოხუმის დაცემის დღეს გარდაიცვალა, წყალტუბოში დავასაფლავეთ"- გვიყვება მანანა ჩაკვეტაძე და მის ფოლადივით ხმაში, წამიერად, მაგრამ მაინც იგრძნობა დიდი მწუხარებით გამოწვეული ქალური სისუსტე.
მანანა ჩაკვეტაძეს წყალტუბოში ყველა იცნობს.აფხაზეთიდანაა, აფხაზეთის ქუჩაზე ცხოვრობს(რომლის სახელის მინიჭებაში დიდი ძალისხმევა ჩააქსოვა) და აფხაზეთი მთელ სამყაროს ურჩევნია.
მანანა ჩაკვეტაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრი, მე_14 კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე, ქალთა ფონდის"სოხუმი" ლიდერი ქალი და რაც მთავარია, საუკეთესო პიროვნებაა, რომელიც მუდამ ხალხის სამსახურშია, დევნილების პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურადაა ჩართული და ყოველთვის იქ დგას, სადაც ჭირდებათ.
ფონდი "სოხუმი" მანანა ჩაკვეტაძისთვის იმაზე მშობლიური აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. თავდაპირველად სახელწოდებამ, შემდეგ კი ფონდის საქმიანობამ, არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ ნდობით განაწყო და დღემდე, როგორც თვითონ გვეუბნება, არც ერთი ტრენინგი არ გამოუტოვებია. ურთიერთობის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს და ფონდ"სოხუმთან" თანამშრომლობით უამრავი პრობლემის მოგვარებას გეგმავს.
მართალი სიტყვისა და საქმის ქალი ჩვენთან საუბრისას, ასაკს არ მალავს. გვიმხელს, რომ საყვარელი ყვავილი ორქიდეაა, უყვარს მწვანე და ლურჯი ფერები. უფრო მეტად ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა მოწონს და დედმამიშვილების კარგად ყოფნაზე ლოცულობს.
საუბრის ბოლოს ერთმანეთს იმ იმედით დავემშვიდობეთ, რომ, მალე ისევ ბევრი რამ გვექნება საზოგადოებისთვის სათქმელი. ამის დასტურად კი, ის ჩამონათვალიც საკმარისია, რაც მანანა ჩაკვეტაძეს დღის წესრიგში, პირველ საქმედ აქვს გაწერილი.