ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ერთდროულად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის, რეკრეაციული ზონებისა და საყრდენი კედლების მოწესრიგება, რეაბილიტაცია უტარდება სპორტულ სკოლებს.
ქუთაისში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მიმდინარე წელს, პირველ ეტაპზე 14 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ეს მაჩვენებელი შესაძლოა წლის ბოლომდე 20 მილიონამდე გაიზარდოს.
ავტომშენებლის ქუჩაზე, წესრიგდება მდინარე ოღასკურას კალაპოტი, პარალელურად კი, ეწყობა რეკრეაციული ზონა.
ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრიდან ბუხაიძის ქუჩამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ადგილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა დახურული ტიპის სანიაღვრე ქსელი და ტროტუარი.
მე-11 სპორტულ სკოლაში, ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, კეთდება ჰარდის ტიპის საფარი და სრულად განახლდება ჩოგბურთის კორტები.
სამუშაოებს ქუთაისის მერი გაეცნო.