ფლანგვის დეტექტორმა ჭიათურაში გაფორმებულ ტენდერებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა,რომლის მიხედვითაც ადგილობრივი მაღალჩინოსნების ახლობელთან, გაგალე ბრეგვაძესთან დაკავშირებულმა ხუთმა კომპანიამ 2014-2023 წლებში ბიუჯეტიდან ჯამში თითქმის 26,078,400 ლარი მიიღო. აქედან უშუალოდ მის სახელზე რეგისტრირებულმა სამმა კომპანიამ 1,116,000 ლარი, ხოლო მასთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ, რომლის ოფიციალური მეპატრონეც ზვიად გელაშვილია, 23,961,900 ლარი.
ამ ხუთ კომპანიასთან გაფორმებული 236 ხელშეკრულებიდან 193 შემთხვევაში კომპანიებს ან კონკურენტი არ ჰყავდათ, ან მათი დისკვალიფიკაცია ხდებოდა ან სულაც პირდაპირი შესყიდვა ხორციელდებოდა.
ერთი და იგივე კომპანია ხან საკვებ პროდუქტებს აწვდის სახელმწიფოს, ხან სამშენებლო მასალებს, ზოგჯერ სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ასრულებს - გააჩნია ტენდერს.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ კომპანიას საქმიანობის გამოკვეთილი სფერო არ გააჩნია და იმის მიხედვით მუშაობს, თუ რა მომსახურების შესყიდვაში აპირებს ფულის დახარჯვას ჭიათურის მერია ან სხვა სახელმწიფო ორგანო.
მიუხედავად იმისა, რომ ფლანგვის დეტექტორმა 2020-2022 წლებში ორი კვლევა გამოაქვეყნა ამ თემაზე, გაგალე ბრეგვაძესთნ დაკავშირებულ კომპანიებთან საჯარო უწყებებმა 2023 წელს 10,060,568 ლარის ახალი ხელშეკრულებები გააფორმეს.
გაგალე ბრეგვაძე არ უარყოფს, რომ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია. მას ფეისბუქგვერდზე უდევს ფოტოებიც, რომლებშიც ჭიათურის მერთან - გივი მოდებაძესთან, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილესთან და სხვა ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან ერთად არის წარმოდგენილი. ის აგრეთვე აქტიურად აზიარებს ქართული ოცნების მხარდამჭერ მასალებს მის ფეისბუქ გვერდზე. ადგილობრივების ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში გაგალე ბრეგვაძე აქტიურადაა ჩართული ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაშიც.