დღეს ქუთაისის მერიის წინ აქცია-პერფორმანსი ჩატარდა. მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან ნაგვისთვის განკუთვნილი პოლიეთილენის პარკები მიიტანეს,რომლებსაც ქუთაისის სხვადასხვა უბნისს და ქუჩის სახელი ქონდა მიმაგრებული.წარმოადგინეს ფოტოებიც,სადაც დასუფთავების კუთხით ქალაქში არსებული ვითარებაა აღბეჭდილი. აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ტრანსფარანტები წარწერით "ავქოთდით", "იოსებ,შენ იცხოვრებდი ასეთ ქუჩაზე?"
შეკრებილების თქმით,ამ ფორმით ცდილობენ მერიას ქალაქში დასუფთავების კუთხით არსებული პრობლემები გააგებინონ. პერფორმანსის ფარგლებში ორგანიზატორებმა ადგილობრივ თვითმმართველობას განცხადებითაც მიმართეს.
აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი „როდემდე?!“, რომელიც ქუთაისში არსებულ პრობლემებზე მუშაობს.
"ჩვენ გვსურს, გავაგებინოთ მერიას, რომ ქუთაისში ადამიანებს სხვადასხვა ქუჩიდან აწუხებთ დასუფთავებასთან დაკავშირებული საკითხები: დანაგვიანებული ქუჩები, არასაკმარისი ურნები, საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის ინტენსივობა.
მოვუწოდებთ ქუთაისის მერიას გადადგან შესაბამისი ნაბიჯები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად"-აცხადებენ აქციის მონაწილეები .