ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში სახლები ისევ ინგრევა.როგორც საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს,მან სოფელში არსებული ვითარება დაათვალიერა.
"გუშინ ვიყავი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში. ნაომარსა და დაბომბილს ჰგავს მთელი სოფელი. სახლების ნაწილი მიწასთანაა გასწორებული, რამოდენიმე სახლი მიწისქვეშაა ჩატანილი.
ნელ-ნელა სოფელი მიწაში იმარხება. ადგილობრივები აღნიშნულს სოფელში სს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიმდინარე მანგანუმის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ სოფლის სხვადასხვა ტერიტორიაზე მიწის მასების ჩამოშლა სწორედ სამუშაოების დაწყების შემდეგ დაიწყო. სოფლის რამდენიმე უბანში ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება. სახლებზე ბზარების მიუხედავად, ნგრევა უცაბედად იწყება, ამიტომ ოჯახები სახლებიდან გამოდიან. სოფელში აფეთქებების ხმა ახლაც ესმით, მაგრამ კომპანია აცხადებს, რომ სოფელ ითხვისის ქვეშ მანგანუმის მოპოვება არ მიმდინარეობს. აუცილებელია დროულად ჩატარადეს ობიექტური ექსპერტიზა და მიღებული იქნეს ყველა აუცილებელი ზომა, - იმისათვის რომ სოფელი ნასახლარად არ იქცეს და იგივე ბედი სხვა სოფლებმაც არ გაიზიარონ."-წერს ზაალ გორგიძე.
ფოტო აღებულია ზაალ გორგიძის ფეისბუქ გვერდიდან.