ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში საკითხის შესწავლის მიზნით გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები მუშაობენ. პრემიერის დავალებით ითხვისში იმყოფებოდა საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და ჭიათურის მერთან გივი მოდებაძესთან ერთად. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და დაზიანებული სახლები პირადად დაათვალიერეს.
ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც დაზიანებულია დროებით ალტერნატიულ საცხოვრებლებში იცხოვრებენ, ხარჯებს ჭიათურის მერია გაიღებს. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, გეოლოგთა ჯგუფი ყველა დაზიანებულ სახლში არსებული სიტუაციის დეტალურ აღწერას აწარმოებს და შემოწმების საფუძველზე უახლოეს პერიოდში შესაბამის დასკვნას დადებს.
“პრემიერის დავალებით კომუნიკაცია მოხდა სოფლის და ეკონომიკის სამინისტროებთან, ორივე უწყების ექსპერტები სწავლობენ სიტუაციას, მოხდება იმ სახლების შესწავლა, რომელიც დაზიანებულია, პარალელურად კი მოხდება ადგილობრივების უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანა,“-განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
ჭიათურის მერიამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც სოფელში მოსახლეობის ქონებრივ მდგომარეობას სწავლობს. ამ დრისთვის 17 საცხოვრებელი სახლი არის დაზიანებული.