რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ამ დროისთვის, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აღდგენილია მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ტრაილერების გადაადგილება ჯერჯერობით აკრძალულია. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზასა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვბელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ამასთან, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე დაბალია და გაწმენდითი სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ზვავსაშიშროება ჯერჯერობით კვლავ ნარჩუნდება გუდაური–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.